გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 27 მაისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის ერთ-ერთი პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

მისი თქმით, დედაქალაქის მერიამ „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამის დაწყებიდან დღემდე, მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დააფინანსა.

„30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა, რომელიც საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას, შესაბამისი დიაგნოზის მქონე ადამიანებისადმი სოლიდარობის გამოხატვას და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად. ამ დღესთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა ნარინჯისფრად განათდება და ეს კიდევ ერთხელ იქნება დასტური ჩვენი მხარდაჭერისა და ჩვენი დამოკიდებულების გამოხატვა.    გაფანტული სკლეროზი არის ცენტრალური ნერვული სისტემის არაპროგნოზირებადი დაავადება, რომელიც თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთკავშირის პრობლემებს იწვევს, საბოლოო ჯამში კი მას ადამიანის ქმედუუნარობის გამოწვევა შეუძლია.

დედაქალაქის მერია, ამ დაავადების მქონე პირებისა და მათი ოჯახების დახმარების მიზნით, „გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების და კვლევების დაფინანსების“ პროგრამას ახორციელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. კერძოდ, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე მოქალაქეებისთვის ძვირადღირებული მედიკამენტების, თავისა და ზურგის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსებას უზრუნველყოფს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია დაავადების აქტივობის დათრგუნვა.

„აღნიშნული პროგრამა ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო და 2020 წელს მედიკამენტების დაფინანსებით დავიწყეთ მისი განხორციელება. პროგრამა ეტაპობრივად გაფართოვდა და მას მაღალტექნოლოგიური კვლევები დაემატა, ასევე, გადაწყდა, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მყოფი მოქალაქეების მსგავსად, მედიკამენტების პროგრამის ყველა მოსარგებლისთვის 100%-ით დაფინანსება, რაც მათთვის სერიოზული ფინანსური მხარდაჭერაა. სამედიცინო წრეების შესაბამისი დარგის სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად, მერიამ პროგრამაში ჩასართავ პირთა ასაკობრივი ზღვარიც მოხსნა.

აღსანიშნავია, რომ ჩატარებული მკურნალობით შესაძლებელია ამ დაავადების აქტივობის დათრგუნვა და გაფანტული სკლეროზის მქონე პირთა ყოველდღიურ საზოგადოებრივ საქმიანობაში დაბრუნება. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, ჩვენი მხრიდან მედიკამენტებისა და მაღალტექნოლოგიური კვლევების 2 769 შემთხვევა დაფინანსდა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

ამასთან, მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საჭიროების შემთხვევაში, თბილისის მუნიციპალიტეტი, მოქმედი შესაბამისი პროგრამებით, გვერდით დაუდგება დედაქალაქის მცხოვრებლებს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დედაქალაქის მერმა ბოლო დღეების განმავლობაში მოსულ ინტენსიური ნალექის შედეგად გამოწვეულ ზარალზეც გაამახვილა ყურადღება. მან თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს და საკუთარ მოადგილეებს დაავალა, შეისწავლონ მეტროსადგურ „ავლაბარში“ უხვი ნალექის შედეგად წარმოქმნილი პრობლემა.

მისი განცხადებით, აღნიშნული მეტროსადგურის რეაბილიტაცია ორი წლის წინ დასრულდა და აუცილებლად მოსაკვლევია, რატომ ჩავიდა წყალი და იყო თუ არა სამუშაოები ხარისხიანად შესრულებული.

„უხვი ნალექის გამო, გარკვეული პრობლემები შეიქმნა „ავლაბრის“ მეტროსადგურში, რომლის რეაბილიტაციაც რამდენიმე წლის წინ დასრულდა. კადრები ყველამ ვიხილეთ - ფაქტობრივად ისე წვიმდა, როგორც გარეთ. სადგური მანამდე მძიმე მდგომარეობაში იყო, ამორტიზებული, ავარიული. გარკვეული დრო დასჭირდა პროექტის შეთანხმებას და პროცედურებს, მაგრამ პროექტი მაინც განხორციელდა, ახლა კი ფაქტია, არსებობს ხარვეზი, რაც უხერხულობასა და დისკომფორტს ქმნის.

მინდა, დავავალო ჩვენი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს, ასევე ჩემს მოადგილეებს, რომ დავიწყოთ აღნიშნული საქმის მოკვლევა. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა კომპანიები, ამა თუ იმ პროექტზე სამუშაოების შესრულებაზე პასუხისმგებლობას იღებენ და მნიშვნელოვანია სამუშაოები ხარისხიანად შეასრულონ. ვნახე ფოტოებიც, სანიაღვრე მილები ერთმანეთთან აცდენილი იყო და რატომ იყო აცდენილი, ამაზეა პასუხი გასაცემი. არ ვიცი ვისი ბრალია - კომპანიის, მიმღების თუ ზედამხედველის. აუდიტის სამსახურს ევალება, ყველაფერი მოიკვლიოს და თუ საჭირო იქნება, შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას“, - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მიმართა ყველა იმ კომპანიის წარმომადგენელს, ვინც დედაქალაქის მერიის პროექტებზე მუშაობს, რომ სამუშაოების შესრულების დროს პასუხისმგებლობა და ხარისხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

„ზოგადად მსგავსი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. ეს გვაზიანებს ყველას, პირადად მეც. აქ კომპანიაზე არავინ საუბრობს, ყველა საუბრობს მერიაზე და ჩვენზე. ასეთ ფაქტებს რეაგირების გარეშე ვერ დავტოვებთ. კომპანიებმა, რომლებიც მერიის პროექტებზე მუშაობენ, კარგად უნდა იცოდნენ, რომ პასუხისმგებლობა და ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ამ სამუშაოებს ვატარებთ იმიტომ, რომ ათეულ წლებს გაუძლოს, ყველაფერს ძირეულად ვცვლით, იქმნება დისკომფორტი, სამუშაოებს მეტი დრო სჭირდება, გადაადგილება იზღუდება, მაგრამ ამ ტიპის სამუშაოებს სხვანაირად ვერ შევასრულებთ. როგორც ჩვენ, კომპანიებსაც ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაქვს. ეს ქალაქი მხოლოდ თბილისის მერიის მთავრობის წევრების ხომ არ არის, ყველასია და ყველამ თანაბრად უნდა გადავინაწილოთ ეს პასუხისმგებლობა. ჩვენ დედაქალაქში ვცხოვრობთ ჩვენი ოჯახებით, შვილებით და ყველაფერი საუკეთესო გვინდა ჩვენი ულამაზესი თბილისისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ბოლო პერიოდში მოსული უხვის ნალექის შედეგად, გარკვეული პრობლემები სხვადასხვა მისამართზეც შეიქმნა, თუმცა შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან ადგილზე არიან და გვერდით უდგანან მოსახლეობას.

„ბოლო პერიოდში საქართველოში და მათ შორის თბილისში მოსულმა ინტენსიურმა ნალექმა გარკვეული პრობლემები შეუქმნა, როგორც არსებულ ინფრასტრუქტურას, ისე დააზიანა საცხოვრებელი სახლები, ჩამოშალა ფერდები და გრუნტის დამჭერი კედლები.

წვიმამ დედაქალაქში რამდენიმე ადგილას მოგლიჯა ხეები, დაზიანდა განათების ბოძები, საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურა. აღარ დავიწყებ დეტალურად ჩამოთვლას პრობლემების. ჩვენი შესაბამისი სამსახურები პირველივე დღიდან აქტიურად არიან ჩართულნი, ხდება პრობლემების აღწერა, თუ რა დაზიანდა და შესაბამისი ნაბიჯები იდგმება. არ დარჩენილა ოჯახი, ვისაც უამინდობამ პრობლემა შეუქმნა და მათთან ჩვენი თანამშრომლები არ მისულიყვნენ. ყველას მაქსიმალურად გვერდით დავუდგებით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში“, - განაცხადა თბილისის მერმა.

გარდა ამისა, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის განვითარების ფონდი სიონის ტაძარში იწყებს რეაბილიტაციის პროექტს, რადგან ტაძარი და მისი სამრეკლო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლს წარმოადგენს.

„ჩვენი ქალაქისთვის დიდი სიმდიდრეა კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლების არსებობა. ამ მიმართულებით არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. თბილისის განვითარების ფონდი ამჯერად რეაბილიტაციის პროექტს იწყებს სიონის ტაძარში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

„არსებული მდგომარეობით დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს. სატენდერო პროცედურები დასრულებულია, გამოვლენილია გამარჯვებული კომპანია, რომელთანაც ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე კიდევ ერთი ძეგლი, რომელსაც თბილისის განვითარების ფონდი აღადგენს, დავით აღმაშენებლის გამზირის N184-ში მდებარეობს. აღნიშნული ისტორიული შენობა წარმოადგენს საცხოვრებელ სახლს, სადაც ამჟამად 30-მდე ოჯახი ცხოვრობს.

„შენობის ტექნიკური მდგომარეობა მძიმეა და საჭიროებს გადაუდებელ სარეაბილიტაციო ღონისძიებებს. აღმაშენებლის გამზირზე მდებარე შენობის რეაბილიტაციის პროექტი თბილისის განვითარების ფონდმა 2015 წელს შეისყიდა, თუმცა არსებული ვითარებისა და წლების განმავლობაში შენობის მდგომარეობის გაუარესების გათვალისწინებით, პროექტი საჭიროებს განახლებასა და დამატებით ტექნიკურ გადამუშავებას. შესაბამისად, გადაიხედება როგორც საპროექტო, ისე ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაცია“, - განაცხადა თბილისის მერმა.

მისივე ინფორმაციით, არსებული საინჟინრო და ტექნიკური დასკვნების მიხედვით, შენობის მდგომარეობა ავარიულობის მაღალი ხარისხით ხასიათდება. კერძოდ, დაზიანებულია როგორც ძირითადი კონსტრუქციული ელემენტები, ისე აივნები, შუშაბანდები და სარდაფის ნაწილი, რაც საფრთხეს უქმნის შენობის მდგრადობას და თავად მოსახლეობას.

„სამუშაოები ტექნიკური დოკუმენტაციის დამუშავების დასრულების შემდეგ დაიწყება. თბილისის განვითარების ფონდი გამოაცხადებს ტენდერს სარეაბილიტაციო სამუშაოების შესყიდვაზე, რის შემდეგაც შენობის სრულმასშტაბიანი რეაბილიტაცია დაიწყება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ასევე განაცხადა, რომ თბილისის მერიის   მხარდაჭერით, 1-ელ ივნისს დედაქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე დაგეგმილია არაერთი აქტივობა, მთავარი ღონისძიება კი 15:00 საათზე, დედაენის ბაღში გაიმართება.

„ღონისძიების ფარგლებში, სცენაზე წარმოდგენილი იქნება საბავშვო კონცერტი, ხოლო ბაღის სივრცეში მოეწყობა: ღია ბიბლიოთეკა, კინოს კუთხე, ზღაპრის კუთხე, თოჯინების თეატრი, თბილისის მერიისა და ეროვნული სასახლის კუთხე, საგამოფენო სივრცე, გაიმართება სახეზე მოხატვისა და სპორტული აქტივობები, ვორქშოფები, მეწარმეთა გამოფენა-გაყიდვა და სხვა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი