გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 16 თებერვალი 2026, 00:00
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, თბილისის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ გამოცხადებული ტენდერი 31 მარტს დასრულდება.

მისი ინფორმაციით, სატენდერო დოკუმენტაციაში ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების კორექტირების აუცილებლობა გამოიკვეთა, თბილისის მერიამ კი მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანიის დაინტერების მიზნით, ახალი ტენდერი გამოაცხადა.

„თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ“ 2025 წლის 21 ოქტომბერს გამოაცხადა ტენდერი ტრამვაის ხაზის პროექტირებისა და მშენებლობის შესახებ. ტენდერის მსვლელობისას დიდი იყო დაინტერესება უცხოური კვალიფიციური კომპანიების მხრიდან და აქტიურად მიმდინარეობდა აუცილებელი ტექნიკური პარამეტრებისა და პროცედურების დაზუსტება. ტრამვაის მშენებლობის განხორციელებისთვის გამოიკვეთა ტექნიკური პარამეტრებისა და პროდეცურების კორექტირების აუცილებლობა სატენდერო დოკუმენტაციაში. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ტენდერის მიმდინარეობის შეწყვეტისა და შესაბამისი ცვლილებებით ახალი ტენდერის გამოცხადებისა, რომელიც მიმდინარე წლის 13 თებერვალს აზიის განვითარების ბანკის შესყიდვის (ADB-ის) წესებით გამოცხადდა. ცვლილება ხელს შეუწყობს, რომ რაც შეიძლება მეტი უცხოური კვალიფიციური კომპანია დაინტერესდეს და გამოხატოს ინტერესი აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად. ტენდერის დასრულების თარიღად გამოცხადდა 31 მარტი. ცვლილება არ შეხებია პროექტის ბიუჯეტსა და შესრულების ვადას“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, თბილისის მერის განცხადებით, ტენდერი გულისხმობს დიდი დიღომი-დიდუბის დამაკავშირებელი ტრამვაის ხაზის მშენებლობისთვის აუცილებელი საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენას და სამშენებლო/სამონტაჟო სამუშაოების წარმოებას.

„ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნისა და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მეტროპოლიტენის ხაზთან მიბმა და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება. ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც განთავსებული იქნება 11 გაჩერება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, აღნიშნული ტენდერი, გარდა უშუალოდ ხაზის პროექტირებისა და მშენებლობისა, მოიცავს შესაბამისი ინფრასტრუქტურის დეპოს მოწყობას.

„ტრამვაის დეპო გათვლილი იქნება 10 (+1) ტრავმაის შემადგენლობების მომსახურება-ექსპლუატაციისთვის. დეპოში აშენდება მთავარი და დამხმარე (საგანგებო-საევაკუაციო) შესასვლელ-გასასვლელები, ტრამვაის შემადგენლობის დახურული სასადგომო ტერიტორია, ადმინისტრაციული შენობა, საწარმოო (სერვის ცენტრის) შენობა, სამრეცხაო ნაგებობა, სასაწყობო მეურნეობები კატეგორიზაციის მიხედვით. მოეწყობა ტრამვაის ხაზის გამართულად ფუნქციონირებისთვის აუცილებელი ყველა საჭირო საინჟინრო კომუნიკაციის სისტემა და ქსელი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების ვადად განისაზღვრა 36 თვე ხელშეკრულების ხელმოწერიდან, ხოლო პროექტის ღირებულება შეადგენს 416 592 000 ლარს.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ თბილისის მერიამ 500-ლარიანი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, დღემდე 220 338 მოთხოვნა დააფინანსა.

კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამის განხორციელება 2022 წელს, სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის მოსახლეობის მედიკამენტებით უზრუნველყოფის მიზნით დაიწყო, რაც საარჩევნო დაპირება იყო.

„აღნიშნული პროგრამა წელსაც გრძელდება, რაც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ იმ ადამიანებმა, რომელთაც ჩვენი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდებათ, 500-ლარიანი ვაუჩერი მიიღონ. პროგრამის ბენეფიციარები, სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის მიხედვით, თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები არიან, რომელთა ოჯახების შესაბამისი სარეიტინგო ქულა 200 000-ს არ აღემატება. სოციალურად დაუცველ პენსიონერებზე მედიკამენტები ექიმის დანიშნულებისამებრ გაიცემა. მოქალაქე ელექტრონულად გამოწერილ მედიკამენტებს სასურველ აფთიაქში იღებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის აღნიშნული პროგრამის 2026 წლის ბიუჯეტი 10 მლნ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მერმა აღნიშნა, რომ მუხიანის აგარაკებზე, რაჭის ქუჩაზე გზის საფარის მოწყობა იწყება, სადაც გასულ წელს მიწისქვეშა კომუნიკაციები მოწესრიგდა. საგზაო სამუშაოები 5 000 კვ.მ ფართობზე განხორციელდება, რისთვისაც ნახევარი მლნ ლარი დაიხარჯება.

„მუხიანის აგარაკებზე გლდანის გამგეობის მიერ სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნულ დასახლებაში არ არსებობდა კომუნიკაციები, საგზაო ინფრასტრუქტურა, რის გამოც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდებოდა. რამდენიმე წლის წინ დავიწყეთ მასშტაბური პროექტის განხორციელება, რაც პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, არსებული კომუნიკაციის განახლებას ითვალისწინებს. მიმდინარე წელს მუხიანის აგარაკებზე არაერთი ქუჩა მოწესრიგდება, მათ შორის, ჯვარისის, ჩიხორას, გორგულისა და ოშკის ქუჩები, ასევე, განთიადის ქუჩა, განთიადის ქუჩის I-II შესახვევი და ხანძთის I შესახვევი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერის განმარტებით, აღნიშნულ მისამართზე მიწისქვეშა კომუნიკაციებიც მოწესრიგდება.

„წყალარინების ქსელი კალოუბნის, მუხის, გომბორისა და ერთობის ქუჩებზე მოეწყობა, რისთვისაც, გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან, ჯამში, 2 500 000 ლარი დაიხარჯება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი