გადასვლა ძირითად შინაარსზე
თბილისო
arrow_back უკან
მერია

თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა

თბილისის მერია · 21 ივლისი 2026, 00:00
თბილისის მერიაში მთავრობის მორიგი სხდომა გაიმართა
თბილისის მერიაში მუნიციპალიტეტის მთავრობის მორიგი სხდომა ჩატარდა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და საზოგადოებას 20 ივლისის ღამეს მოსული ინტენსიური ნალექის შედეგები გააცნო.

მისი ინფორმაციით, წუხელ დედაქალაქის მერიის ყველა შესაბამისი სამსახური იყო მობილიზებული შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, რათა, რაც შეიძლება სწრაფად აღმოფხვრილიყო შექმნილი პრობლემები.

„გუშინდელმა ძლიერმა ნალექმა პრობლემები შექმნა ქალაქის რამდენიმე უბანში, რადგან ვარაზისხევში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმდებარედ, ხუთი საათის განმავლობაში სახიფათო მეტეოროლოგიური მოვლენების კატეგორიის ძლიერი ინტენსივობის ნალექი აღინიშნა. კერძოდ, ნალექის რაოდენობამ, მათ შორის, თსუ-ს ტერიტორიაზე 110 მილიმეტრი შეადგინა, რაც ძალიან ბევრია. სწორედ ამიტომ იყო კონკრეტულ ქუჩებსა და უბნებში მსგავსი შემთხვევები. რამდენიმე ლოკაცია იყო, სადაც ყველაზე მეტი პრობლემა გამოიკვეთა - თამარაშვილის გამზირისა და უნივერსიტეტის ქუჩის კვეთა, გურამიშვილის გამზირი, მტკვრის მარჯვენა სანაპირო, დიდ დიღომში ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორია, ერისთავის ქუჩა, თუმცა ყველაფერი ძალიან სწრაფად მოწესრიგდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„პირველ რიგში, მადლობა მინდა, გადავუხადო ყველა იმ სამსახურის წარმომადგენელს, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა, მათ შორის, „თბილსერვის ჯგუფს“, რაიონული გამგეობების თანამშრომლებს. მადლობა მინდა, გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპატრულო პოლიციას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლებს, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში კონკრეტულ ადგილებზე მუშაობდნენ. გამწმენდის სამუშაოები მთელი ღამე მიმდინარეობდა და ახლაც გრძელდება, რათა ქუჩები დასუფთავდეს და ყველაფერი მოწესრიგდეს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მუნიციპალიტეტისთვის საგზაო სამუშაოების წარმოებამდე ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მიწისქვეშა ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა, არსებული პრობლემები კი ეტაპობრივად მოგვარდება.

„როდესაც ძალიან მოკლე დროში მოდის უჩვეულოდ დიდი რაოდენობის ნალექი, მსგავსი შემთხვევები მხოლოდ თბილისში არ ხდება. ამას ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიც. ჩვენზე უფრო ძლიერ სახელმწიფოებში, ეკონომიურად უფრო ძლიერ დედაქალაქებში, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურაა, ყველაფერი მოწესრიგებულია, თუმცა დროის გარკვეულ მონაკვეთში მოსული უხვი ნალექი იქაც ქმნის პრობლემას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პრობლემა არ არსებობს ან მის მოგვარებაზე არ უნდა ვიმუშაოთ. სწორედ ამიტომ, 2017 წლიდან, სადაც საგზაო სამუშაოებს ვიწყებთ, პირველ რიგში, მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების განახლება გვაქვს პრიორიტეტად.

წინა წლებში გზებს ხშირად მხოლოდ ზედაპირულად აგებდნენ, ჩვენ კი ყველა მნიშვნელოვანი ქუჩისა და გამზირის რეაბილიტაციისას, პირველ რიგში, მიწისქვეშა ინფრასტრუქტურას ვაწესრიგებთ. სამწუხაროდ, ათწლეულების განმავლობაში ამ მიმართულებით პრაქტიკულად არაფერი კეთდებოდა. დღეს იმ პრობლემების მოგვარება გვიწევს, რომლებიც წლების განმავლობაში დაგროვდა. სამწუხაროდ, ზოგისთვის ყოველი ძლიერი წვიმა პოლიტიკური სპეკულაციის მიზეზია, ჩვენი ამოცანა კი კამათი არ არის. ჩვენი ამოცანაა პრობლემების დროულად მოგვარება და ისეთი ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ქალაქს მომავალში კიდევ უფრო მდგრადს გახდის“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე ინფორმაციით, თბილისის მერიის ცხელი ხაზი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერ ზარზე შესაბამისი რეაგირება ხდება.

„ცხელ ხაზზე იყო მომართვიანობა და ახლაც არის. ჩვენი კომპეტენციისა და შესაძლებლობის ფარგლებში, ყველას დავეხმარებით. ჩვენ ყველა იმ ადამიანს დავუდგებით გვერდით, ვისაც წვიმამ გარკვეული პრობლემები შეუქმნა, რადგან დაიტბორა სარდაფები, ეზოებს შეექმნა პრობლემა და ა.შ. ქალაქის მართვა ნიშნავს არა იმის მტკიცებას, რომ პრობლემა არ არსებობს, არამედ იმას, რომ ყოველწლიურად უფრო მომზადებული ხვდები ამ გამოწვევებს. სწორედ ამას ვაკეთებთ და ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო გავაძლიერებთ. გვაქვს კონკრეტული ქუჩები, სადაც სანიაღვრე ქსელები საერთოდ არ არსებობს. მიწისქვეშა კომუნიკაციები არის ამორტიზირებული, კრიტიკას ვერ უძლებს. ჩვენ ყველაფერს განვაახლებთ და მოვაწესრიგებთ. ცხადია, ერთი ხელის მოსმით ეს ყველაფერი ვერ გაკეთდება. ძალიან დიდი თანხებია საჭირო. მუნიციპალიტეტში არსებობს სხვა მნიშვნელოვანი საჭიროებები და შესაბამისად, ეტაპობრივად მივყვებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა ყურადღება ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ 23 ივლისიდან იწყება დედაქალაქის მთავარი გამზირის სრული რეაბილიტაცია.

„რუსთაველის გამზირის სრული რეაბილიტაციის პროექტის დაწყება, გარკვეული მიზეზების გამო გაიწელა. რამდენჯერმე გამოცხადდა ტენდერი, მაგრამ ჩავარდა. მონაწილეობა არ მიიღეს კომპანიებმა. რუსთაველის გამზირი არის ჩვენი დედაქალაქის სავიზიტო ბარათი როგორც ვიზუალური, ისე ისტორიის თვალსაზრისით. გამზირი, რომელსაც უნახავს არაერთი სიხარული, გამარჯვება, ტკივილი თუ მწუხარება, აუცილებლად უნდა იყოს ისეთი მოწესრიგებული და თანამედროვე, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩამოსულ სტუმრებს და ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს სიამაყის განცდა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოების წარმოების პერიოდში, რუსთაველის გამზირზე და მერაბ კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ყველა ტიპის ავტოსატრანსპორტო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.

„სარეაბილიტაციო არეალი მოიცავს თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ ტერიტორიას, სულ ორ კილომეტრამდე გზის სავალ ნაწილს. პროექტის პირველ ეტაპზე განხორციელდება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელების განახლება - შეიცვლება წყალმომარაგების, წყალარინების, სანიაღვრე და გაზმომარაგების ცენტრალური სისტემები. ასევე, საჰაერო სადენები განთავსდება მიწისქვეშა საკაბელო არხებში. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნებიც. ამასთანავე, მოეწყობა თანამედროვე საგზაო ინფრასტრუქტურა, განახლდება გზის სავალი ნაწილი და ტროტუარი, დაიგება ასფალტის საფარი. სრულად შეიცვლება გარე განათების ქსელი და დამონტაჟდება თანამედროვე LED განათების სისტემა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი გამწვანებას დაეთმობა.

„განახლდება არსებული მწვანე სივრცეები და დაირგვება ხე-მცენარეები, რაც რუსთაველის გამზირს კიდევ უფრო მიმზიდველ და ეკოლოგიურად გაუმჯობესებულ გარემოდ აქცევს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებასა და კომფორტს - მოეწყობა მიწისზედა ქვეითთა გადასასვლელები, დამონტაჟდება საგზაო ნიშნები და დაიხაზება ჰორიზონტალური მონიშვნები. გამზირის ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სამუშაოები, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს, ნოემბრის ბოლოს დასრულდება.

გარდა ამისა, მთავრობის სხდომაზე აღინიშნა, რომ დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივის მე-3 კვარტლის N6 ა, ბ, გ და ვ კორპუსების მიმდებარე ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია განახორციელა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობის მიზანია, გამოიყენოს ყველა შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ საცხოვრებელ კორპუსებთან კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული დასასვენებლი სივრცეები არსებობდეს.          

„პროექტის ფარგლებში განხორციელდა მოძველებული ინფრასტრუქტურის დემონტაჟი, მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო და სპორტული ზონები, ასევე, დამონტაჟდა თანამედროვე გარე განათების სისტემა და საპარკო ინვენტარი, კერძოდ, სკამები და ურნები. გარდა ამისა, ჩატარდა გამწვანების ფართომასშტაბიანი სამუშაოები, მოეწყო ტროტუარი და საპარკინგე სივრცე. მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის გამგეობას განხორციელებული პროექტისთვის. სადაც შესაძლებელია და სადაც არსებობს ამ ტიპის სივრცეები, თუნდაც პატარა, ყველგან შევდივართ, რომ კონკრეტულ კორპუსებში მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ დასვენების, გართობისა და ვარჯიშის შესაძლებლობა. მსგავსი სივრცეები უნდა იყოს კეთილმოწყობილი და მოწესრიგებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.    

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე განახლდება ვაჟა-ფშაველას გამზირზე, გერმანული კოლეჯისა და N27 ბაგა-ბაღის მიმდებარე ტერიტორიაზე, სამუშაოებს კი თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს.

„პროექტის ფარგლებში განახლდება რეკრეაციული სივრცის ინფრასტრუქტურა - მოეწყობა გარე განათების ქსელი, სარწყავი სისტემა და სასეირნო ბილიკები. ასევე, განახლდება საპარკო ავეჯი და დაირგვება ხე-მცენარეები“, - განაცხადა მერმა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ტიპის პროექტები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება, ვინაიდან მწვანე სივრცეების შექმნა მერიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.
წყარო: თბილისის მერია open_in_new

მეტი